საქართველოს ეროვნული არქივი

home

იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - იუნესკოს - მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013 და 2015 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეიტანა.

2013 წელს კომიტეტმა დადებითად გადაწყვიტა საკითხი და ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ნომინაცია - ვახუშტი ბატონიშვილის „ატლასი“ და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ - მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა.

„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველ სრულყოფილ გეოგრაფიულ აღწერას გვაძლევს და საქართველოს კარტოგრაფიულ აღწერაში  დღემდე რჩება კავკასიის რეგიონის გეოგრაფიის შესწავლის საფუძვლად.

2013  წელს ეროვნულმა არქივმა  იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესატანად წარადგინა  განსაკუთრებული მნიშვნელობის ახალი მასალა, უძველესი ტრადიციის მატარებელი 8 ხელნაწერი,  საერთო სათაურით: „ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერები“. ორწლიანი განხილვის შემდეგ  იუნესკომ კიდევ ერთხელ აღიარა ეროვნული არქივის მასალა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად და ყველა წარდგენილი ხელნაწერი მსოფლიო  მეხსიერების რეესტრში შეიტანა.   

ნომინაციაში „ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ქართული ხელნაწერები“ შედის:

1. ანბანდიდი სახარება, IX საუკუნე.

2. ფსალმუნები, X საუკუნე.

3. ლექციონარი, X საუკუნე

4. ნევმირებული ძლისპირი, X-XI საუკუნეები და პალიმფსესტები:

5. ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1440/1462 წელი. წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი მთავარეპისკოპოს იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი.

6. ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1441 წელი, შეუვალობის განახლების სიგელი, მეფე ალექსანდრე დიდისა ივანე მაკუჭაძისადმი.

7. ორენოვანი პალიმფსესტი. ქვედა ფენა: სომხური ასომთავრული; X საუკუნე; სავარაუდოდ, კანონიკური ტექსტი. ზედა ფენა: ისტორიული საბუთი - 1447 წლის 25 დეკემბერი. ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი გაცემული მეფე გიორგი VIII-ის მიერ.

8. ქართული პალიმფსესტი. ქვედა ფენა: ნუსხური; თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი - IX საუკუნე. ზედა ფენა: კუთხოვანი ნუსხური; ХIII-XIV საუკუნის მარხვანი.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 659