საქართველოს ეროვნული არქივი

home

საქართველოს ოლიმპიელები

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში 2016 წლის 3 აგვისტოს გამოფენა „საქართველოს ოლიმპიელები გახსნეს.

გამოფენა ეძღვნებოდა რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებს, რომელშიც მონაწილეობის უფლება საქართველოდან 40-მა სპორტსმენმა მოიპოვა.

ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ: ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები და მათი ოჯახის წევრები, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეროვნულ არქივში დაცული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების ფოტოები, გარდა ამისა, ქართული სპორტის მუზეუმის ექსპონატები - ოლიმპიელების მედლები, თასები და მემორიალური ნივთები.

„ამ გამოფენის გახსნით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს, რომელთა ნაწილი უკვე რიოში ჩავიდა, ნაწილი კი ამ დღეებში გაემგზავრება. ჩვენ ამ გამოფენას დავტოვებთ ოლიმპიადის ბოლომდე და დავამატებთ ახალი ოლიმპიელებისა და ოლიმპიური მედალოსნების ფოტოებს, მედლებსა და თასებს, რომლებიც, დარწმუნებულნი ვართ, არაერთი იქნება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. 

გამოფენაზე ნაჩვენები იყო კინოკადრები - მელბურნის ოლიმპიური   თამაშების ქართველი მონაწილეების დაბრუნება საქართველოში და მათი დაჯილდოება (1957 წ.) ქართველ ოლიმპიელ სპორტსმენთა დაბრუნება რომიდან საქართველოში (1960 წ.).

გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595