საქართველოს ეროვნული არქივი

home

ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი

ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ სვირში 1887 წელს დაიბადა. იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, იმ პერიოდში სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში ჩაება და 1904-1905 წლების საპროტესტო გამოსვლებშიც მონაწილეობდა. 1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. სტუდენტობისას მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკურ ფრაქციაში. 1916 წლის ზაფხულში ვალიკო ჯუღელი ბოლშევიკური საქმიანობის ბრალდებით თბილისში დააპატიმრეს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრაქციას მიემხრო. იმავე წლიდან იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლიდან - ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს პარლამენტის წევრი. 1917 წლის დეკემბრიდან ჯუღელი სათავეში ჩაუდგა საქართველოს წითელი გვარდიის (1918 წლის ივნისიდან სახალხო გვარდიის) ჩამოყალიბებას.

1917 წლის 12 დეკემბერს მისი მეთაურობით გვარდიელებმა თბილისის არსენალი დაიკავეს და იქ განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილები განაიარაღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად აირჩიეს. მთავარი შტაბს ფორმალურად ნოე ჟორდანია მეთაურობდა, მაგრამ პრაქტიკულად ამ მოვალეობას ვალიკო ჯუღელი ასრულებდა.

 ვალიკო ჯუღელი მონაწილეობდა პირველი რესპუბლიკის პერიოდის ყველა საბრძოლო მოქმედებაში, რა დროსაც თანამებრძოლებს სიმამაცისა და გამბედაობის პირად მაგალითს უჩვენებდა. საქართველოში რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პავლე სიტინი საიდუმლო მოხსენებაში მას ასე აღწერდა: „დიდი მონაცემების მქონე პიროვნება, ძალიან მიზანდასახული. აქვს დიდი პირადი სიმამაცე, გამბედაობა და გამხნევების უნარი. ღირსებისმოყვარეა, ურჩევნია სოფელში იყოს პირველი, ვიდრე ქალაქში მეორე. სამხედრო საქმეს იცნობს პრაქტიკულად საკუთარი სიმამაცის წყალობით, ბრწყინვალე ბელადია“.

1919 წელს ვალიკო ჯუღელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. საკანონმდებლო ორგანოში ის სამხედრო კომისიის წევრი იყო. 

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას ოსიაურის ბრძოლაში (4-6 მარტი) ვალიკო ჯუღელი მსუბუქად დაიჭრა. 

1921 წლის მარტში მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან ერთად ჯუღელმა საქართველო დატოვა და გაემგზავრა ემიგრაციაში, სადაც ანტისაბჭოთა ბრძოლაში ჩაება. 1922 წელს სხვა სამხედრო პირებთან ერთად შეიმუშავა და რესპუბლიკის მთავრობას განსახილველად გაუგზავნა საქართველოში შეიარაღებული აჯანყების გეგმა.

1923-1924 წლებში მან სპეციალური წვრთნა საფრანგეთის არმიის 35-ე ქვეითთა პოლკში გაიარა. პოლკში მისვლის შემდეგ, 1923 წლის 22 ივლისს, ჯუღელი აკაკი ჩხენკელს წერდა: „გუშინ დავიწყე მუშაობა, გავყევი ერთ-ერთი როტის მუშაობაზე. იყო თოფის სროლის ვარჯიშობა და მსუბუქი პულემიოტების დაშინჯვა. ოფიცრები ყოველივეს მიხსნიდნენ, მირკვევდნენ, მთლად უვიცი არც მე გამოვდექი. და გუშინ, როცა ერთად ამუშავდა ექვსი მსუბუქი ტყვიისმფრქვეველი, როცა კვლავ მეცა თოფის წამლის სუნი და როცა დავინახე დაკაპიწებული ჯარისკაცები, ამითამაშდა, ამიძგერდა გული! ფიქრები, დარდები, იმედები ყოველმხრივ ამომაწვნენ. საქართველო, ტანჯული, დაჩაგრული, დამარცხებული, მაგრამ კვლავ მებრძოლი სამშობლო დამიდგა თვალწინ, აგორაკებული, ამწვანებული ბუნებაც ჩემ ქვეყანას მომაგონებდა. და დანაღვლიანებულ, ტანჯულ გულში შეიჭრა იმედი! გარდაუვალი, დაუძლეველი, მტკიცე და საფუძვლიანი იმედი! საქართველო მალე, სულ მალე იქნება თავისუფალი! - მეუბნებოდა გული. შეუძლებელია არ გადაიგდოს მან მტრის უღელი! და თუ როდესმე მე მქონია ბრძოლის და თავდადების სურვილი, თუ როდესმე მქონია იმედი გამარჯვებისა, დღეს ყოველივე ჩემში ეს გაორკეცდა ... ასეთია პირველი შედეგი ჩემი აქ ჩამოსვლისა ...“

1924 წელს ვალიკო ჯუღელი თანამებრძოლებთან ერთად საქართველოში ფარულად დაბრუნდა. თავდაპირველად გურიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი - თბილისში, სადაც დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო კომისიას შეუერთდა და აჯანყების სამზადისს ჩაუდგა სათავეში. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სსრ-ის საგანგებო კომისიამ („ჩეკა“) ვალიკო ჯუღელი დააპატიმრა. „ჩეკაში“ მას აჯანყების გეგმა წარუდგინეს, რის შემდეგაც ჯუღელმა, რომელიც დარწმუნდა აჯანყების წარუმატებლობაში, თვითმკვლელობა სცადა. 

1924 წლის აჯანყების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ, 30 აგვისტოს, ვალიკო ჯუღელი თბილისში დახვრიტეს.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595