საქართველოს ეროვნული არქივი

home

სარგის კაკაბაძის არქივის გამოფენა გრძელდება

8:59 | 11 ივლისი, 2019

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე  გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიკოსის, ფილოლოგისა და არქივისტის, სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივში დაცული მასალა: კაკაბაძეების საოჯახო ფოტოები და დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი და სრულიად უცნობი სამეცნიერო ნაშრომები, სარგის კაკაბაძის კუთვნილი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის იშვიათი ნუმიზმატიკური მასალა; სარგის, დავით და არტემ კაკაბაძეებთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო დოკუმენტები.

გამოფენა 7 ივნისს არქივების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გამოფენა 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. 

სარგის კაკაბაძე საქართველოს ეროვნული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო.

სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად არის წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

სარგის კაკაბაძეს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩა: მონოგრაფიული ნაშრომები, სამეცნიერო სტატიები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტომასალა, ქართული განძის მოძრაობასთან დაკავშირებული ფასდაუდებელი დოკუმენტაცია, რომელიც ამ დრომდე გამოუქვეყნებელია, შესაბამისად, არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. ეროვნულ არქივში მიმდინარე გამოფენა ამ მასალის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად გადადგმული პირველი ნაბიჯია.

გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595