საქართველოს ეროვნული არქივი

home

„საქართველო და იტალია - მეგობრობის ისტორია“ - გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

20:07 | 19 ოქტომბერი, 2018

image

საქართველო-იტალიის ურთიერთობის შესახებ საარქივო დოკუმენტებისა და ფოტოების გამოფენა სახელწოდებით - „საქართველო და იტალია - მეგობრობის ისტორია“ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში  დღეს გაიხსნა.

ექსპოზიცია გახსნეს: იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ,  იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიის კვლევების საბჭო (CNR). გამოფენის კურატორია იტალიის კვლევების საბჭოს წარმომადგენელი მასიმო კულტრარო.

საქართველო-იტალიის ურთიერთობის ამსახველ გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ქვეყნის მეგობრობის დამადასტურებელი  დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა XVII საუკუნიდან დღემდე. მათ შორისაა: იტალიაში, რომის არმიის არქივში დაცული კავკასიის რუკა (1919 წელი); ქრისტოფორო კასტელის ჩანახატები და ხელნაწერები (1626 წელი); იტალიელ მხატვარ კორადინის ესკიზები პირველი ქართული თეატრალური სპექტაკლისთვის „გაყრა“; იტალიელი მომღერლების საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები (1870-იანი წლები); მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში მცხოვრები ქართველი პარტიზანების ფოტოები; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი მასალა და სხვ.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.  დათვალიერება თავისუფალია.

 

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 612