საქართველოს ეროვნული არქივი

home

პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა ქუთაისში

„მთელი საქართველო დღეს უნდა გადაიქცეს ერთ სამხედრო ბანაკად და თავის მამაც ჯარსა და გვარდიას გვერდში ამოუდგეს. მთავრობა და სარდლობა თავის მხრით ყოველი ღონისძიებით სცდილობენ, რომ ხალხის თავგანწირული ბრძოლა მისი სრული გამარჯვებით გათავდეს“, – ამონარიდი საქართველოს დამფუძნებელი კრების 1921 წლის 28 თებერვლის მიმართვიდან.

თბილისის იძულებით დატოვების შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა ქუთაისში, თეატრის შენობაში, 1921 წლის 28 თებერვალს, საღამოს 7 საათზე გაიმართა.

სხდომა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარემ კარლო ჩხეიძემ გახსნა, ხოლო შემდეგ შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენება რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ გრიგოლ ლორთქიფანიძემ გააკეთა. კრებამ აირჩია თავდაცვის კოლეგია, რომელშიც ფრაქციებიდან თითო წარმომადგენლი შევიდა. ამის შემდეგ დეპუტატებმა მიიღეს მოწოდება ქართველი ხალხისადმი.

დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

გთავაზობთ ტექსტს სრულად:

„ქართველ ხალხს დამფუძნებელ კრებისაგან.

დამფუძნებელმა კრებამ, მოისმინა რა დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის სიტყვა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოხსენება და გაითვალისწინა რა საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა დაადგინა მიმართოს ქართველ ერს შემდეგი მოწოდებით:

„მუხანათი მტრის შემოსევის გამო ტფილისი დროებით მოსწყდა საქართველოს. ქართველი ერის თავგანწირული ბრძოლა თავდებია, რომ ჩვენი სამშობლოს დედა-ქალაქი დაბრუნებული იქნება თავისუფალ რესპუბლიკის წიაღში.

დამფუძნებელი კრება განაგრძობს მუშაობას ქ. ქუთაისში, რომ აღასრულოს თავისი წმინდა მოვალეობა ერისა და ქვეყნის წინაშე. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე იგი მზად არის მთელი თავისი ძალღონე შესწიროს ხალხის კეთილდღეობას და შემოსეული მტრისაგან სამშობლოს დაცვას.

ეს მტერი აწარმოებს დაპყრობის და განადგურების პოლიტიკას. მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობას. მისი განზრახვაა ქართველ ერს ხელი ააღებინოს თავის ოჯახზე, მიწა-წყალზე და სახლ-კარზე, ხელფეხი შეუბორკოს მას და თავის ყურმოჭრილ მონად აქციოს.

შემოსეული ბოლშევიკები აწიოკებენ ხალხს, ყველა 50 წლამდის იძულებით მიჰყავთ თავის ჯარებში და საომრად ჰგზავნიან რუსეთისა და შორეულ ფრონტებზე.

ასე მოიქცნენ ბოლშევიკები ყველგან, სადაც გაიმარჯვეს, ასეთი დღე დააყენეს რუსეთის ყოფილ მთლიან ტერიტორიაზედ აღორძინებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და ასეთივე ბედის წინ სდგას ჩვენი თბილისიც.

თავისუფალი ერი ვერასოდეს ვერ შეურიგდება ამისთანა სიცოცხლეს. სხვისი ინტერესებისათვის სიკვდილს, უცხო ქვეყნებში უაზროდ თავისი სისხლის დაქცევას, ჩვენი ხალხი ამჯობინებს სამშობლო კერისათვის თავდადებას.

ამ განსაცდელის ჟამს მან უკვე გამოიჩინა და იჩენს უდიდეს გმირობასა და ერთსულოვნებას.

ჩვენ მარტონი არა ვართ, ევროპის მუშათა კლასმა უკვე აღიმაღლა ხმა ჩვენს სასარგებლოდ და ბოლშევიკური თავდამსხმელების წინააღმდეგ, საერთაშორისო დემოკრატია ვერ მოითმენს წითელი იმპერიალიზმის მიერ დემოკრატიულ საქართველოს ფეხ-ქვეშ გათელვას. ევროპიდან უკვე ვღებულობთ ნივთიერ დახმარებას და საფრანგეთის საზღვაო ძალები ჩვენ ჯარებთან შეთანხმებით იცავენ საქართველოს მიწა-წყალს.

ჩვენს შინაგან სიმტკიცეზე, ჩვენი ბრძოლის უნარზეა დამოკიდებული, რომ ეს დახმარება კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაძლიერდეს.

მთელი საქართველო დღეს უნდა გადაიქცეს ერთ სამხედრო ბანაკად და თავის მამაც ჯარსა და გვარდიას გვერდში ამოუდგეს. მთავრობა და სარდლობა თავის მხრით ყოველი ღონისძიებით სცდილობენ, რომ ხალხის თავგანწირული ბრძოლა მისი სრული გამარჯვებით გათავდეს.

დამფუძნებელი კრება მოუწოდებს ქართველ ერს მტკიცე და შეურყეველი რწმენით დადგეს სამშობლოს კერის სადარაჯოზედ.

გაუმარჯოს დამოუკიდებელს, თავისუფალ საქართველოს!

1921 წ. თებერვალის 28.

ქ. ქუთაისი“.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595