საქართველოს ეროვნული არქივი

home

ნოე ხომერიკი

ნოე ხომერიკი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი ნოე ხომერიკი დაიბადა 1883 წლის 7 აგვისტოს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ მიქელ-გაბრიელში (დღევანდელი შრომა) ღარიბი გლეხის ოჯახში.

დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში განაგრძო. სწორედ იმ სკოლის არალეგალურ წრეებში გაეცნო ნოე ხომერიკი სოციალისტურ მოძღვრებას და 1900 წლიდან რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა.

1901 წელს ნოე ხომერიკი დაბრუნდა გურიაში და ცნობილი მემამულის მიხეილ ნაკაშიძის მეურნეობაში დაიწყო მუშაობა. 1902 წელს გურიაში გლეხთა მოძრაობაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და რამდენიმე თვით ქუთაისის ციხეში ჩასვეს. იმ დროს გაიცნო მან ნოე ჟორდანია. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ბათუმში გადასახლდა და მანთაშევის ქარხანაში დღიურ მუშად მოეწყო. ბათუმში ნოე აქტიურად ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში, პარალელურად გულდასმით შეისწავლა სასტამბო საქმე და მოაწყო არალეგალური სტამბა, რომელშიც აკრძალულ ლიტერატურასა და პროკლამაციებს ბეჭდავდა. ამ სტამბით ნოემ პარტიას დიდი სამსახური გაუწია. იმავე პერიოდში ხომერიკი რსდმპ-ის ბათუმის კომიტეტის წევრი გახდა.

1903 წლის ზაფხულში ჟანდარმერიის მხრიდან დევნის გამო ბათუმიდან ქუთაისში გადავიდა და აქტიური მონაწილეობა მიიღო იმერეთის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ჩამოყალიბებაში; გლეხთა შორის პარტიული პროპაგანდის გასაწევად მან დაწერა ბროშურა: „სოფლის მუშათა მიმართ“ და ნარკვევი „გლეხთა მოძრაობა გურიაში“.

1904 წლის ივლისში ნოე ხომერიკი შორაპანში დააპატიმრეს. ქუთაისის ციხეში გადაყვანისას მის ბადრაგს შეიარაღებულ რევოლუციონერთა ჯგუფი თავს დაესხა და ნოემ გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ ნოე ხომერიკი თბილისში გადავიდა და რსდმპ-ის თბილისის კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. თბილისში იგი კონსპირაციულად, ნესტორ თეთრაძის სახელით ცხოვრობდა. იმ პერიოდში ის ბოლშევიკ მიხა ცხაკაიას დაუპირისპირდა. პირველი რევოლუციის დროს ხომერიკი თბილისის ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის სამხედრო-ტექნიკური კომისიის ხელმძღვანელი იყო.

1906 წელს მონაწილეობდა სტოკჰოლმში რსდმპ-ის ყრილობის მუშაობაში. იმ პერიოდში თავის თანამებრძოლ ლეო ნათაძესთან ერთად რედაქტორობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლეგალურ ორგანოს, ყოველდღიურ გაზეთ „ლამპარს“.

1908 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

1908 წელს ნოე ხომერიკი თბილისის კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს და რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ 2 წლის ვადით ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.

ნოე ხომერიკი გადასახლებიდან 1911 წელს დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. მისი ხელმძღვანელობით რსდმპ-ის დასუსტებული ორგანიზაციები აღდგა. ამავე დროს, იგი გაზეთ ,,ცხოვრების“ რედაქტორი იყო.

ნოე ხომერიკი ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერიის მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო კამპანიას ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებში, სადაც ამ პარტიამ თავისი კანდიდატების დეპუტატებად გაყვანა შეძლო. სოციალ-დემოკრატების პოლიტიკურ წარმატებაში ნოე ხომერიკმა უდავოდ დიდი წვლილი შეიტ ანა.

 

1913 წლის ოქტომბერში ნოე ხომერიკი მონაწილეობდა ქუთაისში არალეგალურად გამართულ რსდმპ-ის კავკასიის საოლქო კონფერენციაში.

1914 წლიდან ხომერიკი თბილისში არალეგალურად ცხოვრობდა.

1914 წლის აგვისტოში მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის არალეგალური კონფერენციის მუშაობაში. ეს კონფერენცია ბორჯომში გაიმართა.

1915 წელს ნოე ხომერიკი რსდმპ-ის კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი გახდა. ამის გამო იგი იმავე წლის ივლისში თბილისში დააპატიმრეს, 1916 წელს კი აღმოსავლეთ ციმბირში გადაასახლეს.

რუსეთში მომხდარი 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ნოე ხომერიკი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება პოლიტიკურ პროცესებში.

1917 წლის ნოემბერში პირველ ეროვნულ ყრილობაზე ნოე ხომერიკი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1918 წლის თებერვლიდან იგი ამიერკავკასიის სეიმის წევრი გახდა, ხოლო იმავე წლის აპრილიდან ნოე ხომერიკმა ახლად შექმნილი ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრის პორტფელი ჩაიბარა და აგრარული რეფორმის გატარებას შეუდგა.

1918 წლის 26 მაისს ნოე ხომერიკმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. იმავე დღეს იგი ახლად დაფუძნებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედების მინისტრად დანიშნეს.

1919 წლის თებერვალში ნოე ხომერიკი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. 1919 წლის 21 მარტს ერთპარტიული (სოციალ-დემოკრატიული) მთავრობის შემადგენლობაში ნოე ხომერიკმა მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა მინისტრის პოსტი დაიკავა. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში განხორციელებული აგრარული რეფორმა.

1918 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ამიერკავკასიაში მემამულეთათვის მიწების ჩამორთმევის წესი და მიწების დატოვების ნორმები დადგინდა. ასევე განისაზღვრა მათთვის დასატოვებელი მიწების მაქსიმალური ნორმები. საადგილმამულო კომიტეტებს დაწესებული ნორმების გაზრდის უფლება მიეცა. ნოე ხომერიკი 7 დესეტინა სახნავ-სათესი მიწის ფართობის დატოვებას მოითხოვდა. ამ კანონის თანახმად, აგრარული რეფორმის გატარება მიწათმოქმედების სამინისტროს დაევალა.

დამოუკიდებელ საქართველოში აგრარულმა რეფორმამ ორი საფეხური გაიარა: პირველი საფეხური იყო ნორმის ზევით არსებული მიწების ჩამორთმევა, ეს ეტაპი 1918 წლის აგვისტოში დაიწყო და 1919 წლის შემოდგომაზე ფაქტობრივად დასრულდა, ხოლო მეორე საფეხური -მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემა. სოციალ-დემოკრატიული მთავრობა მხარს უჭერდა მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემას. მომავალ მესაკუთრეებს მიწა არა უფასოდ, არამედ შეღავათიან ფასში უნდა გადასცემოდათ. გლეხებს მიწის საფასური განვადებით უნდა დაეფარათ. აქედან მიღებული თანხა კი ისევ რეფორმას უნდა მოხმარებოდა. კანონის თანახმად, ტყეები, საძოვრები, წყლები, მდინარეები და ბუნებრივი წიაღისეული სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა.

1919 წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები: „სახელმწიფო საადგილმამულო ფონდიდან მცხოვრებთათვის მამულის კერძო საკუთრებად მიცემისა“ და „ყოფილ სანადელო, სახაზინო და სხვა მიწების კერძო საკუთრებად გამოცხადების“ შესახებ; აგრეთვე შეჩერდა მიწების ყიდვა-გაყიდვა. მესაკუთრეს არ შეეძლო მიწის არც გაყიდვა და არც დაგირავება. ეს მოთხოვნები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც ვრცელდებოდა. 1919 წლის 30 იანვარს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,მიწათმოქმედების სამინისტროს განკარგულებაში ორი მილიონი მანეთის გადადებისა აგრარულ რეფორმის გასატარებლად“. მასში აღნიშნულია:

,,მიეცეს მიწათმოქმედების სამინისტროს სახელმწიფოს ხაზინიდან ორი მილიონი (2 000 000 მან.) ავანსად აგრარულ რეფორმის გასატარებლად“. კანონი მიწათმოქმედების მინისტრს, ნოე ხომერიკს, უყენებდა პირობას, რომ ,,მიწათმოქმედების მინისტრი შეიმუშავებს გაწეულ ხარჯების სათანადო კანონპროექტს პარლამენტისათვის წარმოსადგენად“. კანონს ხელს აწერდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამხანაგი (მოადგილე) ექვთიმე თაყაიშვილი და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

მოგვიანებით, კერძოდ, 1920 წლის 10 თებერვალს, დამფუძნებელმა კრებამ მამულების ყიდვა-გაყიდვაზე მოხსნა აკრძალვა იმ რაიონებში, სადაც მემამულეთა მიწების სახელმწიფოსთვის ჩაბარების პროცესი უკვე დამთავრებული იყო.

კერძო ინიციატივისთვის გზის მიცემამ და წახალისებამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური პირობები შექმნა. აგრარულ რეფორმას ხალხში „ხომერიკის რეფორმებს“ ეძახდნენ. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმის შედეგად სოფლის მეურნეობის რიგ დარგებში, კერძოდ, მევენახეობა-მეღვინეობაში, მეაბრეშუმეობაში, მეთამბაქოებაში, მეხილეობაში რეალური აღმავლობა დაიწყო. ეს კი თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების რეალურ საფუძველს ქმნიდა. რესპუბლიკაში ამ რეფორმის გატარებით თვალსაჩინო გახდა ნოე ხომერიკის ორგანიზაციული ნიჭი და შესაძლებლობები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმა ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. 1920 წლის 3 დეკემბერს ნოე ხომერიკი მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შემდეგ მან მუშაობა ქვეყნის დამფუძნებელ კრებასა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალურ კომიტეტში განაგრძო.

1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, ნოე ხომერიკმა დატოვა ქვეყანა და წავიდა სტამბოლში, სადაც რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პარტიათა შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა.

იმ დროს საქართველოში ,,დამოუკიდებლობის კომიტეტი“ შეიქმნა, ხოლო საზღვარგარეთ მოქმედმა პარტიებმა „ინტერპარტიული კომიტეტი“ დააარსეს. 1922 წლის მარტში სტამბოლის ,,პოლიტიკური კომისია“ დაარსდა და მისი თავმჯდომარე სწორედ ნოე ხომერიკი გახდა. მასში საოკუპაციო ხელისუფლების მოწინააღმდეგე ყველა პოლიტიკური პარტია იყო გაერთიანებული.

1922 წლის ოქტომბერში ნოე ხომერიკი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში. ჩამოსვლისთანავე წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გახდა. იგი აქტიურად ჩაერთო უკვე დაშლილი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების აღდგენაში. დიდი ძალისხმევის შედეგად მან პარტიათა შორის თანხმობის განმტკიცება და „დამოუკიდებლობის კომიტეტის“ მუშაობის გაუმჯობესება შეძლო. „ჩეკას“ ეს არ გამოჰპარვია და ნოე ხომერიკი 1923 წლის 9 ნოემბერს თბილისში, გვანცელაძის ბინაში, დააპატიმრეს. ამ პატიმრობისას ნოე ხომერიკმა გამოავლინა თავისი გაუტეხელი ხასიათი და მტკიცე ნებისყოფა. ძიებამ მისგან შესაბამისი ჩვენების მიღება ვერ შეძლო.

1924 წლის ივლისის ბოლოს ნოე ხომერიკი გოგიტა ფაღავასთან, ბენია ჩხიკვიშვილთან და ვასილ ნოდიასთან ერთად - ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ სუზდალის პოლიტიზოლატორში გადაიყვანეს.

1924 წლის აგვისტოში, საქართველოში ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ, საოკუპაციო ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებს - ნოე ხომერიკს, ბენია ჩხიკვიშვილს, გოგიტა ფაღავას, ვასილ ნოდიას და გიორგი წინამძღვ- რიშვილს - დახვრეტა მიუსაჯა. სასტიკი განაჩენი სუზდალის პოლიტიზოლატორიდან მათი ეტაპით გადაყვანისას დღემდე დაუდგენელ ტერიტორიაზე მოიყვანეს სისრულეში. ამ დრომდე ნოე ხომერიკის დასაფლავების ადგილი უცნობია.

ნოე ხომერიკის მეუღლე იყო ანეტა ნიკოლაიშვილი, რომელიც 1919 წელს გარდაიცვალა. მათ ჰყავდათ ვაჟი ვიქტორ ხომერიკი, რომელიც 1910 წლის 6 ივნისს ვორკუტაში (კომის ასსრ) დაიბადა. იგი ჩვენი ემიგრაციის მხარდაჭერით ლევილში გაიზარდა. შემდგომში ვიქტორ ხომერიკი წლების განმავლობაში საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო. დიდია მისი ღვაწლი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საარქივო მასალების გადარჩენასა და სამშობლოში დაბრუნებაში.

ვიქტორ ხომერიკი პარიზში 1994 წლის 16 მაისს გარდაიცვალა.

იგი საქართველოში გადმოასვენეს და 22 მაისს თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, დაკრძალეს.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595