საქართველოს ეროვნული არქივი

home

ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია (1868-1953) - ქართული სოციალ-დემოკრატიის ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავრობის თავმჯდომარე, პოლიტიკოსი, სოციალიზმის თეორეტიკოსი, პუბლიცისტი. 

ნოე ჟორდანია დაიბადა 1868 წლის 2 (15) იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, აზნაურ ნიკოლოზ ჟორდანიასა და ქრისტინე ჩიქოვანის ოჯახში. 

მან დაწყებითი განათლება ლანჩხუთის სოფლის სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო. 1884 წელს, 16 წლის ასაკში, მისი სურვილის თანახმად, მშობლებმა თბილისის სასულიერო სემინარიაში მიაბარეს. 

1891 წლის ზაფხულში ნოე ჟორდანია ვარშავის ვეტერინარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა. სწორედ პოლონეთში გაეცნო მარქსიზმის იდეებს. 1892 წლის აგვისტოში ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა ვარშავიდან სამშობლოში დაბრუნებულიყო. 

1892 წლის ბოლოს ნოე ჟორდანიამ მონაწილეობა მიიღო ქართველ მარქსისტთა პირველ შეკრებაში, რომელიც ზესტაფონში (დაბა ყვირილაში) მწერალ ეგნატე ნინოშვილის (ინგოროყვას) სახლში გაიმართა. სწორედ ეს შეკრება ითვლება მესამე დასის ჩამოყალიბების თარიღად. 1893 წლის თებერვალში მესამე დასის კონფერენციაზე ნოე ჟორდანიამ საკუთარი პროგრამა - „ეკონომიკური წარმატება და ეროვნება“ - წარადგინა, რომელიც ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა.

1893 წლის მაისში ნოე ჟორდანიამ მოსალოდნელი პატიმრობისაგან თავის დასაღწევად საქართველო დატოვა და სასწავლებლად ევროპაში გაემგზავრა. იგი შვეიცარიაში ჩავიდა და ჟენევაში ცნობილ მარქსისტებს - გიორგი პლეხანოვს, ლევ დეიჩს, ვერა ზასულიჩს - შეხვდა. 

ევროპაში მყოფი ჟორდანია აქტიურ პუბლიცისტურ საქმიანობას ეწეოდა. მისი სტატიები სისტემატურად იბეჭდებოდა იმდროინდელ ქართულ პრესაში ფსევდომინებით: „კასტროვი“, „კოსტროვი“, „ანი“, „ნარი“, „მარმალიძე“, „წითელფერაძე“, „ძველი მოკამათე“. 

1895 წელს ნოე ჟორდანია ცოდნის გასაღრმავებლად შვეიცარიიდან პარიზში გაემგზავრა. მუშაობდა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში. იქვე შეხვდა ცნობილ ფრანგ სოციალისტებს - პოლ ლაფარგსა და ჟიულ გედის. შემდეგ ჟორდანია გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ქალაქ შტუტგარტში ცხოვრობდა. იქ მან გაიცნო სოციალ-დემოკრატიის გერმანელი თეორეტიკოსი კარლ კაუცკი. ამასთან, ქართველი სოციალ-დემოკრატი ცნობილი პროფესორების ლექციებს ისმენდა მიუნხენსა და ბერლინში. 
1897 წელს ჟორდანია ჩავიდა ინგლისში, სადაც 8 თვის განმავლობაში სწავლობდა ინგლისურ ენას. ინტენსიურად მუშაობდა ბრიტანეთის მუზეუმში, განსაკუთრებული ინტერესით ეცნობოდა საქართველოს შესახებ არსებულ ისტორიულ წყაროებს. 

1897 წლის ოქტომბერში ნოე ჟორდანია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და ცოტა ხანში ლანჩხუთში სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენცია ჩაატარა. 1898 წლის 1 იანვრიდან იგი გაზეთ „კვალის“ რედაქტორი გახდა. ეს გაზეთი რუსეთის იმპერიაში პირველი ლეგალური მარქსისტული გამოცემა იყო. 1900-იან წლებში ნოე ჟორდანიამ მწვავე პოლემიკა გააჩაღა ქართველ სამოციანელთა თავკაცთან, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ ილია ჭავჭავაძესთან. იგი არ იზიარებდა ილიასეულ ხედვას და მას რეაქციული თავადაზნაურული კლასის ინტერესების დამცველ მოღვაწედ მიიჩნევდა. 

 1901-1902 წლებში ნოე ჟორდანია ორჯერ დააპატიმრეს. სასჯელი ქუთაისის, თბილისისა (მეტეხის) და ფოთის ციხეებში მოიხადა. ამ პერიოდში, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართველი სოციალ-დემოკრატები რუსეთის სოციალ-დემოკრატებთან გაერთიანდნენ. 1902 წელს ნოე ჟორდანია ციხიდან გაანთავისუფლეს და ლანჩხუთში ცხოვრება დაუწესეს, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა ანტისამთავრობო პოლიტიკურ საქმიანობას, რის გამოც 1903 წელს სამი წლით ვიატკის გუბერნიაში გადასახლება დაუპირეს. ამის თავიდან ასაცილებლად თანაპარტიელებმა იგი კონსპირაციულად ევროპაში გაამგზავრეს. 

ნოე ჟორდანიამ მონაწილეობა მიიღო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ყრილობის მუშაობაში. სწორედ ამ ყრილობაზე მოხდა პარტიის ორად - ბოლშევიკებად და მენშევიკებად - დაყოფა. ყრილობის შემდეგ ჟორდანია კავკასიელი მენშევიკების ლიდერად იქცა. 

1904 წლის აპრილში ჟორდანია დაესწრო ჟენევაში გამართულ ქართველ სოციალ-ფედერალისტთა კონფერენციას, რომელიც იდეური უთანხმოების გამო მალევე დატოვა. 1905 წლის იანვარში, რუსეთში რევოლუციის დაწყების შემდეგ, ის ჯერ პეტერბურგში ჩავიდა, ხოლო შემდეგ ბაქოს გავლით საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად იბრძოდა ბოლშევიზმის წინააღმდეგ. იმავე პერიოდში იგი პარტიის ოფიციალურ გამოცემას, ჟურნალ „სოციალ-დემოკრატს“ რედაქტორობდა. 

 იგი მონაწილეობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის (რსდმპ) ტამპერეს (ფინეთი) კონფერენციისა და ლონდონის მეხუთე ყრილობის მუშაობაში. იმ დროს იგი პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1906 წელს ნოე ჟორდანია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს. რუსეთის იმპერიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იგი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. სათათბიროს დათხოვნის შემდგომ ნოე ჟორდანიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ე.წ. „ვიბორგის მოწოდების“ შემუშავებაში. 1907 წლის დეკემბერში საქართველოში დაბრუნდა. „ვიბორგის მოწოდებაზე“ ხელმოწერისათვის 1908 წლის აგვისტოში თბილისში დააპატიმრეს და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელი პოლიტიკოსმა პეტერბურგის ციხეში მოიხადა. 

1909 წელს ციხიდან განთავისუფლებული ნოე ჟორდანია დავით სარაჯიშვილისა და ლევან ზუბალაშვილის ფინანსური მხარდაჭერით კოოპერაციული საქმიანობის სიღრმისეულად შესასწავლად ოჯახთან ერთად იტალიაში გაემგზავრა. კავკასიაში დაბრუნების შემდეგ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა და მენშევიკურ გაზეთს ხელმძღვანელობდა. 

 რუსეთის 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ ნოე ჟორდანია თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და ამიერკავკასიის გლეხთა დეპუტატების საბჭოს სამხარეო ცენტრის თავმჯდომარედ აირჩიეს. იმ პერიოდში რეგიონში სწორედ ეს ახალშექმნილი რევოლუციური ორგანოები ფლობდა რეალურ ძალაუფლებას. 

1917 წლის 19-22 ნოემბერს ინტერპარტიულმა საბჭომ საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა მოამზადა და ჩაატარა. ნოე ჟორდანია ყრილობაზე საპროგრამო მოხსენებით: „დღევანდელი მომენტი და ქართველი ერი“ წარდგა. ყრილობაზე შეიქმნა საქართველოს ეროვნული საბჭო, იგი ამ საბჭოსა და მისი აღმასრულებელი კომიტეტისა და პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს. 
იმავე წლის დამლევს ნოე ჟორდანია რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, ხოლო მისი დათხოვნის შემდეგ ახლად შექმნილი ამიერკავკასიის სეიმის წევრი გახდა. 

1918 წლის 26 მაისს თბილისში, მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის (დღევანდელი მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის) თეთრ დარბაზში, 17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობა ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა. 

იმავე დღეს კოალიციურ საფუძველზე (პრინციპზე) აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა. ნოე ჟორდანიამ მთავრობის თავმჯდომარეობაზე უარი განაცხადა, თუმცა საკმაოდ მალე მისი პარტიის მოთხოვნით მთავრობის თავმჯდომარე სწორედ ის გახდა. დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კვლავ კოალიციური დარჩა. 

1918 წლის ნოემბერში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია გამოეყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. ამჯერად უკვე ქართული პარტიის ხელმძღვანელი ნოე ჟორდანია გახდა. 

1919 წლის თებერვალში ნოე ჟორდანია დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. სწორედ ის იყო დამფუძნებელი კრების არჩევნებში ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული N1 საარჩევნო სიის სათავეში. 1919 წლის 21 მარტს დემოკრატიული გზით არჩეულმა დამფუძნებელმა კრებამ ნოე ჟორდანია ამჯერად უკვე ერთპარტიულ, სოციალ-დემოკრატიული მთავრობის მეთაურად დაამტკიცა. 

ნოე ჟორდანია იყო ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 6 ივნისს შექმნილი საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი. ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გვაზავა წერდა: ,,ბატონ ნოე ჟორდანიას აზრს და შეხედულებას ექნება დიდი მნიშვნელობა და თითქმის გადამწყვეტი ზეგავლენა საკონსტიტუციო საკითხების განხილვის დროს დამფუძნებელ კრებაში“. საქართველოს კონსტიტუცია დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს, თბილისის მისადგომებთან წითელ არმიასთან ქართული სამხედრო შენაერთების ბრძოლისას, დაამტკიცა. 

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ნაწილი საქართველოდან იძულებით ემიგრაციაში წავიდა. მათ შორის იყო ნოე ჟორდანია, რომელმაც ბოლშევიკური რეჟიმის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ კაპიტულაციას ხელი არ მოაწერა. 

იმ პერიოდიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე ის ოჯახთან ერთად პარიზთან ახლოს, შატო ლევილში, ცხოვრობდა. იგი ემიგრაციაშიც ინარჩუნებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს და ამ სტატუსით აგრძელებდა პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ საქმიანობას. ამასთანავე აქტიურად იბრძოდა დაკარგული დამოუკიდებლობის აღსადგენად. სწორედ ამ მიზნით ხვდებოდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერებსა და სოციალისტური მოძრაობის საყოველთაოდ აღიარებულ ხელმძღვანელებს. 

ნოე ჟორდანია მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში და ქართველებთან ერთად მასში კავკასიის სხვა ხალხების ჩართვასაც უჭერდა მხარს. 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595