საქართველოს ეროვნული არქივი

home

ნევმირებული საგალობლები, X-XI საუკუნეები

14:18 | 23 სექტემბერი, 2015

image

საქართველოს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ხელნაწერი -საგალობლები ნევმებით, X-XI საუკუნეები.

ნევმებით გაწყობილი ერთ-ერთ უადრესი ქართული ხელნაწერი. გადაწერილია კალიგრაფიული ნუსხურით. საზედაო გრაფემები, სათაურები, ანდერძი და ნევმები შესრულებულია სინგურით. მიუხედავად ფრაგმენტული ხასიათისა, შენარჩუნებულია ანდერძი, რომელიც მთავრულითაა ნაწერი: „გლახაკი მონაჲ შენი [...], წმიდანო ღმრთისანო, მომიჴსენეთ“. ეტრატი, ზომა: 14.4X10.5

ნევმები ძველი მუსიკალური ნიშნებია, რომელთა ჩამოყალიბებას სპეციალისტები დაახლოებით VIII-IX საუკუნეებისათვის ვარაუდობენ. ქართულად ნევმირებული საგალობლების შემცველი კრებულები X საუკუნიდან ჩნდება. მათგან ყველაზე ცნობილია მიქაელ მოდრეკილის „იადგარი“ (977-978).

გამოცემულია „ნევმირებული ძლისპირნი“, რომელიც ამ თემაზე ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიური გამოცემაა, ზოგადად, ქართული სანოტო ნიშნებით გაწყობილი ტექსტების შემცველი ხელნაწერები საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ არქივში დაცული წინამდებარე ხელნაწერი სამეცნიერო მიმოქცევაში ჯერ არ ყოფილა. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტექსტოლოგიური შესწავლა.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ნოემბერი 612