საქართველოს ეროვნული არქივი

home

ირაკლი (კაკი) წერეთელი

ირაკლი (კაკი) წერეთელი (1881-1959) – პოლიტიკოსი, პუბლიცისტი, დიპლომატი; ქართული სოციალ-დემოკრატიისა და მენშევიზმის ერთ-ერთი აღიარებული წარმომადგენელი, ცნობილი ორატორი.

ირაკლი წერეთელი 1881 წლის 20 ნოემბერს ქუთაისში (ზოგი ცნობით, 1882 წელს ზემო იმერეთში, სოფელ გორისაში) გამოჩენილი ქართველი მწერლის, გიორგი წერეთლისა და ოლიმპიადა ნიკოლაძის ოჯახში დაიბადა. ირაკლის დედა ოლიმპიადა დიდი ქართველი მოღვაწის, სამოციანელთა თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ნიკო ნიკოლაძის და გახლდათ.

1900 წელს ირაკლი წერეთელმა თბილისის პირველი გიმნაზია ოქროს მედალზე დაამთავრა და იმავე წლის შემოდგომაზე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. იგი მაშინვე აქტიურად ჩაება საპროტესტო მოძრაობაში, და სულ მალე სტუდენტთა მოძრაობის აღიარებულ ლიდერად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ ირაკლი წერეთელი დააპატიმრა და 5 წლით აღმოსავლეთ ციმბირში, იაკუტიის გუბერნიაში, გადასახლება მიუსაჯა. საქმის რეზონანსულობის გამო იმპერატორი დათმობაზე წავიდა და გადასახლებული სტუდენტები გაათავისუფლა. ირაკლი წერეთელი მოსკოვში დაბრუნდა და უნივერსიტეტის კურსი დაასრულა.

1903 წელს კაკი თბილისში ჩამოვიდა. იგი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა, აქტიურად ჩაება ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციებს შორის დაწყებულ კამათში და მენშევიზმის პოზიციიდან ადგილობრივი ბოლშევიკები მწვავედ გაააკრიტიკა. კავკასიის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების პირველ არალეგალურ კონფერენციაზე ირაკლი წერეთელი მამის - გიორგი წერეთლის - მიერ დაარსებული გაზეთ ,,კვალის“ ფაქტობრივი რედაქტორი გახდა. იგი თავადაც აქტიურად ბეჭდავდა წერილებს ამავე გაზეთში ფსევდონიმებით:: ,,ი. წ-ლი“, ,,ირ. წ.“, ,,კ კ-კი“ და ,,ყვირილელი“. 1904 წლის თებერვალში მთავრობამ გაზეთი აკრძალა, ხოლო ირაკლი წერეთელი ბერლინში გაემგზავრა და უნივერსიტეტშიც იქვე შევიდა, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა საქართველოში დაბრუნებულიყო.

პირველი სახელმწიფო სათათბიროს დათხოვნის შემდეგ, ცარისტულმა ხელისუფლებამ 1906 წლის შემოდგომისთვის, რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები დანიშნა. სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ სხვებთან ერთად ახალგაზრდა ირაკლი წერეთლის კანდიდატურაც წარადგინა. იგი სათათბიროში 65-კაციანი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს. სწორედ სადეპუტატო მოღვაწეობისას გამოჩნდა მისი განსაკუთრებული ორატორული ნიჭი. პრინციპულობისა და გამორჩეული მჭევრმეტყველების გამო ირაკლი წერეთელი საყოველთაოდ ცნობილი და ხალხში მეტად პოპულარული პოლიტიკოსი გახდა.

ამასობაში ხელისუფლებამ მეორე სახელმწიფო სათათბიროც დაითხოვა და ირაკლი წერეთელი სხვა სოციალ-დემოკრატებთან ერთად დააპატიმრა. მას 4-წლიანი კატორღა შეეფარდა, თუმცა მძიმე ავადმყოფობის გამო კატორღის ნაცვლად 5 წელი ციხეში, ცალკე საკანში, გაატარა. შემდეგ კვლავ ციმბირში, ირკუტსკის გუბერნიაში, სოფელ უსოლიეში გადაასახლეს.

1917 წლის მაისში ირაკლი წერეთელი რუსეთის დროებითი მთავრობის შემადგენლობაში შევიდა და ჯერ - ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელი ჩაიბარა, თუმცა 1917 წლის 14 სექტემბერს პროტესტის ნიშნად მინისტრის თანამდებობა დატოვა. იმავე წელს მენშევიკური ფრაქციის სიით რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატი გახდა. ამასობაში რუსეთში ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ. კაკი წერეთელმა ეს ამბავი თბილისში შეიტყო და სასწრაფოდ პეტროგრადში გაემგზავრა. სწორედ იქ უნდა გადაწყვეტილიყო დემოკრატიულად არჩეული დამფუძნებელი კრების ბედი.

1918 წლის 5 იანვარს პეტროგრადში, თავრიდის სასახლეში, გაიხსნა რუსეთის დამფუძნებელი კრების პირველი და უკანასკნელი სხდომა. ამ ისტორიულ თავყრილობას ამიერკავკასიაში არჩეული დეპუტატებისგან მხოლოდ ირაკლი წერეთელი ესწრებოდა. მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა 1918 წლის 6 იანვარს დამფუძნებელი კრება დაითხოვეს, კაკი საქართველოში დაბრუნდა.

1917 წლის ნოემბერში ირაკლი წერეთელი საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. 1918 წლის თებერვალში კი დათხოვნილი დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიიდან არჩეულ დეპუტატებთან ერთად ახლად შექმნილი ,,ამიერკავკასიის სეიმის“ წევრი გახდა.

1918 წლის 26 მაისს ირაკლი წერეთელმა ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იგი სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ჯერ საქართველოს ეროვნულ საბჭოში ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი – საქართველოს პარლამენტში. 1918 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სწორედ მან დაასახელა ნოე ჟორდანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მეორე კოალიციური მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე.

1919 წელს ირაკლი წერეთელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი გახდა.

პარიზის კონფერენციაზე ირაკლი წერეთელი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრად იყო მივლენილი. იგი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობდა, რაც კონფერენციაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურიდიულ აღიარებასა და საგარეო პოლიტიკური მოკავშირეების მოძიებაში უნდა დახმარებოდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი წერეთელი იძულებით ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა. დამოუკიდებლობის კვლავ აღდგენის მიზნით იგი ხშირად მონაწილეობდა არაფორმალურ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სოციალისტური ყრილობებისა და კონფერენციების მუშაობაში. მოგზაურობდა ევროპაში და იქაურ საზოგადოებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აცნობდა. მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთი ქვეყნის მესვეური თავის წარმომადგენლებს აფრთხილებდა, მასთან პოლემიკაში არ შესულიყვნენ.

1926 წელს 45 წელს მიღწეული კაკი წერეთელი სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ ადვოკატად დაიწყო მუშაობა, რაც მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ იქცა.

1940-იანი წლების ბოლოს ირაკლი წერეთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში, გადასახლდა. კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების თხოვნით მან მუშაობა ჯერ კიდევ 20-იან წლებში დაწყებულ თავის ცნობილ ორტომიან ნაშრომზე ,,მოგონებები თებერვლის რევოლუციაზე“ გააგრძელა.

იმავე პერიოდში იგი აქტიურად ჩაება ,,ბოლშევიზმისგან განმათავისუფლებელი ამერიკული კომიტეტის“ (ყოფილი „რუსეთის ხალხთა განთავისუფლების ამერიკული კომიტეტი“) საქმიანობაში. მისი უშუალო ხელშეწყობით დაარსდა რადიო ,,თავისუფლების“ ქართული სექცია.

ირაკლი წერეთელი 1959 წლის 21 მაისს ნიუ იორკში გარდაიცვალა. ანდერძის თანხმად, მისი კრემაცია მოხდა. 1973 წლის 17 თებერვალს კი ირაკლი წერეთლის ფერფლი საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, გადაასვენეს.

 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595