საქართველოს ეროვნული არქივი

home

გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი მთავარსარდალი

დაიბადა 1874 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში, პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში.

1892 წელს დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი. 1892-1894 წლებში სწავლობდა პეტერბურგის კონსტანტინეს სახელობის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც პირველი თანრიგით დაასრულა. 1907-1910 წლებში სწავლობდა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც ასევე პირველი თანრიგით დაამთავრა. წარმატებით გაიარა გენერალური შტაბის აკადემიის დამატებითი კურსი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 ომში, სადაც კაპიტნის ჩინით ასეულს მეთაურობდა. 1914-1918 წლებში მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტზე. ომის დროს იყო პოლკის მეთაური; ბრიგადის, დივიზიის და საბრძოლო ჯგუფის (ორი მსროლელი დივიზია და ერთი კაზაკთა ცხენოსანი ბრიგადა) შტაბის უფროსი. მონაწილეობა მიიღო ალაშკერტის, ერზერუმის, ბაიბურთ-ერზინჯანის შეტევით და ოგნოტის თავდაცვით ოპერაციებში. რუსულ არმიაში სამსახურის დროს, 1916 წელს, პოლკოვნიკის წოდება მიიღო, ხოლო ამიერკვაკასიის რესპუბლიკის არსებობის პერიოდში - 1918 წლის 2 მაისს - გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

რუსულ არმიაში სამსახურისას საბრძოლო დამსახურებებისათვის მიიღო წმინდა გიორგის იარაღი და მეოთხე ხარისხის ორდენი, ასევე წმინდა ვლადიმირის, ანას და სტანისლავის სახელობის სხვადასხვა ხარისხის ორდენი. 

1918 წლის მაისში დაინიშნა ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილედ და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წელს, მცირე ხნით სამხედრო მინისტრის მოადგილე იყო. მონაწილეობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. 1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომის დროს დაინიშნა შულავერი-სადახლოს ფრონტის სარდლის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის შტაბის უფროსად. 1919 წლის თებერვალ-მარტში ჩაატარა წარმატებული სამხედრო ოპერაცია ახალციხესა და არტაანში, სადაც მან დაამარცხა ე.წ ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის" მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები. 
დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში, იყო ამ სკოლის პირველი მეთაური. 

1920 წლის 29 აპრილს დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. ამავე წლის მაისში მისი ხელმძღვანელობით ქართველმა სამხედრო დანაყოფებმა საბჭოთა აზრებაიჯანის მხრიდან შემოჭრილი რუსეთის მე-11 არმია მოიგერია. 

საბჭოთა რუსეთის დაზვერვა მის შესახებ წერდა - ,,ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა, ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრული უშიშრობა; იცის მასების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“. 

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს 16 თებერვლიდან მეთაურობდა შეიარაღებულ ძალებს. ომში დამარცხების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში, სადაც სამხედრო კარიერა აღარ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წლის 7 აგვისტოს.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
მაისი 595