საქართველოს ეროვნული არქივი

home

ჯვრის მონასტრის შესახებ 1709 წლის საბუთი მე-19 საუკუნის საქმეში მოიძებნა

14:13 | 27 აგვისტო, 2018

image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული მე-19 საუკუნის ფონდის - ,,თბილისის კეთილმოწყობის კომიტეტი“ – გადამუშავებისას 1839 წლის ერთ-ერთ საქმეში მოიძებნა 1709 წლის ისტორიული საბუთი, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტერს შეეხება.

ახლად მიკვლეული დოკუმენტი სარდალ გიორგი ამილახვრის მიერ იერუსალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიისადმი 1709 წელს გაცემული შეწირულების წიგნია. ამ დოკუმენტით ამილახვარმა თბილისში მდებარე თავისი მამული მშობლების - მამის გივი ამილახვრისა და დედის თამარის (შაჰნავაზის იგივე ვახტანგ V-ის ასული) - სულის მოსახსენიებლად შესწირა ტაძარს. დოკუმენტის პირი (გადაწერილი ასლი) ეროვნული არქივის ძველი საბუთების პირების კოლექციაში ამ დრომდეც ინახებოდა და მისი შინაარსიც ცნობილი იყო, თუმცა მე-19 საუკუნის საარქივო საქმეში მისი ორიგინალის მიკვლევას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველების მოღვაწეობასა და მონასტრისთვის ქართველი მეფეებისა და მთავრების შეწირულებათა შესახებ ეროვნული არქივის ძველ საბუთთა კოლექციაში მე-15-მე-19 საუკუნეების 115 დოკუმენტია დაცული. ამ ისტორიული საბუთებით დასტურდება, რომ ქართველი მეფეები და დიდებულები გამუდმებით სწირავდნენ ქონებას იერუსალიმის ქართულ მონასტრებსა და იმ სავანეებს, რომლებშიც ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ.

ამონარიდი საბუთიდან: ,,ამილახორის ზემო ქართლის სარდლის შვილმან ბატონმან გიორგიმ შემოგწირე... ესე მცირე კნინი შემოსაწირავი საკუთარი ჩვენი ალალი ნასყიდი ადგილი ქალაქს გალავანს გარეთ ხევის გაღმა მოედნისაკენ... სიგძე ადლი ორმოცდახუთი, განი ადლი ოცდახუთია მისის სამართლიანის სამძღვრით უკლებლად მოგართვით და შემოგწირეთ ამა პირსა ზედან, რომელ ვინცა ვინ ეალუსარიმის პატრიარქი დღეს ბძანდებოდეს, ანუ შემდგომად დღეის წაღმა, ყოველ აღდგომის დიდს შაბათს ნათლის გამოსლვის დღეს მამის ჩვენის ამილახვარის გივისათვინ და უძლეველის მეფის პატრონის შაჰნავაზის ასულის დედის ჩვენის ბატონის თამარისათვინ ჟამსა სწირევდენ და მათ შენდობითა და ჩვენ ძეთა მათთაც დღეგრძელობით მოგვიხსენებდნენ თვისის კრებულითა. კიდენ ესეც უნდა გვიყონ რომე ერთი კანდელი დაუნელებლად ქრისტეს საფლავზედ ჩვენ მაგიერობით ენთებოდეს".

საბუთზეა ხუთი ბეჭედი: ოთხი ამილახვრებს ეკუთვნის, ერთი კი - მეფე გიორგი XII-ს, რომლითაც მან 1799 წელს დაადასტურა შეწირულება.

 

თენგიზ აბულაძის ფილმები ეროვნულ არქივში

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ოქტომბერი 612