საქართველოს ეროვნული არქივი

home

ანონსი - ელექტრონული საძიებლის პრეზენტაცია

18:11 | 13 აპრილი, 2018

image

14 აპრილს, 13:00 საათზე,  ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართება „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებლის პრეზენტაცია. პროექტი საქართველოს ეროვნული არქივისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით განხორციელდა.

ღონისძიება დედაენის დღეს ეძღვნება.

ვებპროგრამა აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ ორგანიზაციაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანდნენ. ამ ეტაპზე ბაზაში 15 232 პიროვნების ბიოგრაფიული მონაცემია განთავსებული.

ელექტრონულ საძიებელს იხილავთ ეროვნული არქივისა (http://archives.gov.ge/ge/elektronuli-katalogebi) და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის (http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/) ვებგვერდებზე, იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წელს შეიქმნა. მის დამფუძნებელთა შორის იყვნენ: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი და სხვები. საზოგადოებას არაერთი მეცენატი უწევდა ფინანსურ დახმარებას, მათ შორის: დავით სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, თბილისის საადგილმამულო ბანკისა და ქუთაისის ბანკის ხელმძღვანელები; საზოგადოებას გამოცემებითა და ფულადი შემოწირულობებით ეხმარებოდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, ასევე, ამ საზოგადოების თითოეული წევრი. 

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით საქართველოში ჩამოყალიბდა ეროვნული საგანმანათლებლო სისტემა: გაიხსნა ათეულობით სკოლა, ბიბლიოთეკები და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოება დახმარებას უწევდა ქართველ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

ელექტრონული კატალოგი მომზადდა ეროვნულ არქივში დაცული „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფონდისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით.

პროექტის პრეზენტაციის პარალელურად საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილი იქნება საზოგადოების საარქივო მასალის ორიგინალები. 

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აპრილი 612