საქართველოს ეროვნული არქივი

home

მედეა ჯაფარიძე - 90

ეროვნული არქივის კინოდარბაზში მედეა ჯაფარიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენება და გამოფენა 2013 წლის 14 ნოემბერს გაიმართა. 
კინოჩვენებას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, მედეა ჯაფარიძის შვილი ლაშა თაბუკაშვილი, მსახიობის ოჯახის წევრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ნაჩვენები იყო ფრაგმენტები მედეა ჯაფარიძის მონაწილეობით გადაღებული ფილმებიდან, რომელიც არქივს მსახიობის ოჯახმა გადასცა; ასევე, ნაწყვეტები ეროვნულ არქივში დაცული კინოდოკუმენტებიდან: „ქეთო და კოტეს“ გადაღება (1948), მედეა ჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე (1967), ქართული სიმღერისა და რომანსის საღამოზე მედეა ჯაფარიძე თამარ იშხნელთან ერთად (1984), სცენები სპექტაკლებიდან: „ოქროს კაცი ბეწვის ხიდზე“, „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“, „რომეო და ჯულიეტა“.
ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ფოტომასალა იმ მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან, რომლებშიც მედეა ჯაფარიძე მონაწილეობს; აქვე ინახება მსახიობის პორტრეტები, თეატრალური როლებისა და ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები.
კინოჩვენების პარალელურად მოეწყო ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილია ფოტოები მხატვრული ფილმებიდან: „ქალიშვილი გაღმიდან“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „გიორგი სააკაძე“, „ჯურღაის ფარი“, „ქეთო და კოტე“, „მწვერვალთა დამპყრობნი“, „ეთერის სიმღერა“, „წარსული ზაფხული“, „იყო შაშვი მგალობელი“, „მზე შემოდგომისა“; დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: „მოკვეთილი“, „რომეო და ჯულიეტა“, „რიჩარდ მესამე“, „მარინე“, „მისი ვარსკვლავი“, „გიორგი სააკაძე“, „პიგმალიონი“, „ხეები ზეზეულად კვდებიან“, „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“, „ოქროს კაცი ბეწვის ხიდზე“; ასევე, ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები.
სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადდა გამოცემა, რომელშიც თავმოყრილია ექსპოზიციისთვის შერჩეული ფოტომასალა.

ფოტო გალერეა

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
აგვისტო 595