საქართველოს ეროვნული არქივი

home

არჩევნები საქართველოში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა „არჩევნები საქართველოში“, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს გაიმართა,  ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ეპოქაში გამართული დემოკრატიული თუ ერთპარტიული არჩევნების თითქმის ასწლიან ისტორიას ასახავს.

საქართველოში არჩევნების ისტორია 1919 წელს იწყება, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოსახლეობამ აირჩია თვითმმართველობის ორგანოები და საკანონმდებლო ორგანო − საქართველოს დამფუძნებელი კრება. ეს მრავალპარტიული არჩევნები საქართველოს ახალშექმნილი რესპუბლიკის დემოკრატიულობის დადასტურება იყო. ბევრ ევროპულ ქვეყანაზე ადრე, საქართველოში 1919 წელს, ქალებმა არა მხოლოდ ხმის უფლება მიიღეს, არამედ კენჭსაც იყრიდნენ და ხუთი მათგანი მოხვდა კიდეც დამფუძნებელი კრების წევრთა რიგებში.

დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, 1922 წლიდან, საქართველოში არჩევნების საბჭოთა სისტემა დამკვიდრდა. ამ პერიოდის არჩევნების ამსახველ მასალებში თვალს ვადევნებთ საბჭოთა იდეოლოგიის დამკვიდრებას ქვეყნის მართვის ყველა რგოლში. პროლეტარიატის დიქტატურამ რეალური საარჩევნო ხმის უფლების გარეშე დატოვა ქვეყნის მოსახლეობა. საბჭოთა ერთპარტიულ არჩევნებში წლიდან წლამდე მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგიის გამტარებელთა სახელები და გვარები იცვლებოდა. 1990 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები საბჭოთა და დემოკრატიულ არჩევნებს შორის გარდამტეხი აღმოჩნდა. საბჭოთა პერიოდის ეს არჩევნები ერთადერთი იყო, რომელშიც კომუნისტური პარტიის გარდა კიდევ არაერთი პარტია იყრიდა კენჭს, მათ შორის, „მრგვალი მაგიდა − თავისუფალი საქართველო“; „სახალხო ფრონტი“; „დემოკრატიული საქართველო“ და „რუსთაველის საზოგადოება“.

ჩვენი სერვისები

ყველა სერვისი
ივლისი 595