National Archives of Georgia

home

იუნესკო

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის - იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა.

ეროვნულმა არქივმა საერთაშორისო რეესტრში შესატანად ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომები 2012 წელს წარადგინა. იუნესკოს მსოფლიო საერთაშორისო რეესტრის კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დაეკმაყოფილებინა ეროვნული არქივის განაცხადი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ საერთაშორისო რეესტრში შეიტანა. რის შემდეგაც, საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობა ოფიციალურად გახდა მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი.

„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ ვახუშტი ბაგრატიონის ავტოგრაფებია, რომლებიც 1743-1755 წლებში შეიქმნა. როგორც ირკვევა, თავდაპირველად რუკები და ბაგრატიონთა გენეალოგიური სქემები ხელნაწერის შემადგენელი ნაწილი იყო და თითოეული რეგიონის აღწერას ერთვოდა შესაბამისი რუკა. სავარაუდოდ, XIX საუკუნეში რუკები და გენეალოგიური სქემები ხელნაწერისაგან განცალკევდა.

ვახუშტი ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ სანკტ-პეტერბურგის აზიურმა მუზეუმმა შეიძინა. 1925 წელს ბატონიშვილის ავტოგრაფები სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან საქართველოს გადმოეცა და ამჟამად ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული.

„აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ და „გეოგრაფიული ატლასი“ საქართველოს ისტორიული ტერიტორიის პირველ სრულყოფილ გეოგრაფიულ აღწერას გვაძლევს. აქ მოცემულია საქართველოს ისტორია უძველესი პერიოდიდან XVIII საუკუნის 40-იან წლებამდე და მასში შესულია საქართველოს ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების ისტორია და მათი გეოგრაფიული აღწერილობა. რუკებმა განსაკუთრებული როლი ითამაშა კავკასიისა და საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიულ და კარტოგრაფიულ აღწერაში და დღემდე რჩება კავკასიის რეგიონის გეოგრაფიის შესწავლის საფუძვლად.

Photo Gallery

OUR SERVICES

All Services